წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ქართულ-ბერძნული ხელნაწერის (№0.1.58) ინტერდისციპლინური კვლევის შედეგს. იგი აერთიანებს ტექსტოლოგიურ-კოდიკოლოგიურ, ენობრივ და ხელოვნებათმცოდნეობით ანალიზს და ტექსტების დიპლომატიკური გამოცემის პრინციპით ზუსტად ასახავს XV საუკუნის ხელნაწერის შექმნის ეპოქას, სოციალურ-კულტურულ გარემოსა და მხატვრულ-დეკორატიულ სისტემას. კვლევაში მნიშვნელოვანია დიატესარონის ტიპის სახარების საკითხავების ქართული ვერსიის იდენტიფიკაცია. ეს ვერსია, რომელიც აქამდე უცნობი იყო ქართულ სამეცნიერო წრეებში, მნიშვნელოვნად ავსებს ჩვენს ცოდნას საქართველოს შუა საუკუნეების ტექსტოლოგიური ტრადიციისა და აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელნაწერების გავლენების შესახებ. არანაკლებ მნიშვნელოვანია კრებულში დაცული პოსტბიზანტიური ბერძნული ტექსტების ენობრივი თავისებურებების ანალიზი. ნაშრომში დეტალურად არის შესწავლილი მათი პალეოგრაფიული და ლექსიკურ-გრამატიკული მახასიათებლები, რაც ნათლად ასახავს ბერძნული ენის გარდამავალ ეტაპს გვიანი შუა საუკუნეებიდან ახალ ეპოქაში და იმავდროულად, წარმოაჩენს სამცხის ათაბაგთა სკრიპტორიუმისა და ათონის სამხატვრო სკოლის ურთიერთკავშირებს.